ანა ურუშაძე 10 რჩეულ ევროპელ ქალ რეჟისორს შორის დასახელდა

6-17 ივნისს სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალი სპეციალურ პროგრამას „ევროპა! ქალების ხმა კინოში” – (EUROPE! VOICES OF WOMEN IN FILM) უმასპინძლებს. პროგრამაში მონაწილე ფილმები უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ნამუშევრებია. საქართველოდან  10 რჩეულ ევროპელ ქალ რეჟისორს შორის ანა ურუშაძე დასახელდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პროგრამა უკვე მესამე წელია, ავსტრალიაში სიდნეის კინოფესტივალისა და European Film Promotion-ის კოლაბორაციის შედეგად იმართება. წელს ივნისში, 10 გამოჩენილ ევროპელ ქალ რეჟისორს და მათ ნამუშევრებს ავსტრალიური აუდიტორია, მედია და კინოინდუსტრიის წევრები გაიცნობენ.
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის წარმატებული სადებიუტო ნამუშევარი “საშიში დედა” თავდაპირველად 37, შემდეგ კი საფინალო 10 ფილმს შორის შეირჩა. საბოლოო სელექცია მოხდა ფესტივალის დირექტორის – ნაშენ მუდლის ხელმძღვანელობით. ათეული საკმაოდ მრავალფეროვანია – თემების ფართე სპექტრით – მათ შორისაა, მაგალითად, ცხოვრებისეული დრამაც და პოლიტიკური დოკუმენტური ფილმიც. ასევე პროგრამაში მონაწილეობენ როგორც დებიუტანტი, ისე გამოცდილი რეჟისორები. საქართველოს გარდა, პროგრამაში მონაწილეობენ: გერმანია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, ირლანდია, ავსტია, პოლონეთი, კოსოვო.
შარშან, სიდნეის კინოფესტივალის პროგრამა „ქალების ხმა კინოში” რუსუდან გლურჯიძეს და მის ფილმს “სხვისი სახლი” მასპინძლობდა.
ეროვნული კინოცენტრი EFP-ის 23 წევრს შორის არის, შესაბამისად, ორგანიზაციასთან ერთად ქართველი რეჟისორისა და ფილმის წარმდგენი სწორედ ეროვნული კინოცენტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები