ზაზა სარალიძე სკოლას მიმართავს: უზრუნველყონ ჩემი მეორე შვილის უსაფრთხოება

ზაზა სარალიძემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შემდეგ, უკმაყოფილება და პროტესტი გამოხატა, 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართა. შვილმკვდარმა მამამ, ზაზა სარალიძემ მეორე შვილის უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.
„ჩემი შვილი დაჩეხეს და მკვლელი არ ჩანს. რა არ არის მოსალოდნელი ამათგან?! დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჩემი მეორე შვილის უსაფრთხოება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. ზაზა სარალიძის მეორე შვილი მ. ს.-ძე ამ დრომდე 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ზაზა სარალიძის მოთხოვნის შემდეგ, „კვირა“ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.
როგორც „კვირას“ მანანა თურქაძემ განუცხადა, მ.ს. -ძე სასწავლო პროცესს ესწრებოდა.
„გადმომცეს ბატონი ზაზას მოთხოვნა. მისი შვილი დღეს სასწავლო პროცესს ესწრება. ჩვენ უკვე დავუკავშირდით მშობელს. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსწავლეს ან მშობელი მოაკითხავს, ან ჩვენ თავად გავაცილებთ სახლში“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
განაჩენით, სასამართლომ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე.
ორივე ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდზე, განაჩენით გამართლდნენ. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, განზრახ მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის მცდელობად შეიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, 51-ე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლის, დავით სარალიძის მამის პროტესტი მოჰყვა. ზაზა სარალიძემ შვილის მკვლელების დაპატიმრება და დასჯა მოითხოვა.
„დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მირზა სუბელიანი. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მისი ოჯახის წევრები და აბსოლუტურად ყველა პირი, ვინც ჩემი შვილი მოკლა. დღეს, მე უკვე ვიცი, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი და ეგენი მაინც არ აპირებენ მათ დასჯას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები