მეუფე გრიგოლი: დღეს ჩვენ ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღეს ვდღესასწაულობთ

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის 5 წლის იუბილეს მნიშვნელოვნად აფასებს და აღნიშნულ მოვლენას განსაკუთრებულს უწოდებს.

„დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ქრისტეს ეკლესიის, ახალი აღთქმის ეკლესიის დაბადების დღეს. სულთმოფენობის დღეა და ჩვენი აზრები, პირველ რიგში, ამ მოვლენას დასტრიალებს. ვცდილობთ, უფრო მეტად გავაცნობიეროთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ეკლესია და რა პასუხისმგებლობით ვართ დატვირთულნი ღვთისა და ადამიანების წინაშე. ამ მოვლენას თან ახლავს ის, რომ ჩვენ ახლახან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი აღვნიშნეთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესი მრავალჟამიერ გაგრძელდება, რათა შევდგეთ ისეთ სახელმწიფოდ, სადაც ყველა ადამიანს ექნება არამარტო არსებობის, არამედ განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება,“- განმარტა მეუფე გრიგოლმა.
როგორც ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა აღნიშნა, საქართველოში მრავალი ტაძარია და მათი რაოდენობა, ალბათ, კიდევ უფრო გამრავლდება: ძველები აღდგება და ახლები აშენდება, თუმცა მთავარი ტაძარი მაინც ადამიანია, რომელიც სულის ჭურჭელია.
„ყველაფერი ადამიანისთვის კეთდება და ჩვენი შრომა, ფიქრი და სულიერი მეცადინეობა სწორედ ადამიანს უკავშირდება, რათა ღვთის წინაშე ის უფრო მეტად წარდგეს როგორც მისი ქმნილება და მისადმი მსგავსებაში წარმატებული არსება,“- განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის 5 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ტაძარს ეწვია სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნის დელეგაცია, რომელმაც ჩამოაბრძანა 5 წმინდა ნაწილი, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.

კომპლექსში ასევე დავანებულია 2013 წელს ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ღირს მამათა 83 წმინდა ნაწილი. კომპლექსს ქტიტორმა, გოდერძი ბუკიამ და მისმა მეგობრებმა, საჩუქრად შესწირეს კიევ-პეჩორის ღირს მამათა ერთიანი ხატი, რომელიც ცნობილმა ხატმწერმა, შოთა ცინცაძემ დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები