კახა კალაძე: რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

0

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად, ევროპული ქვეყნების ლიდერებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ის შვილებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიასაც დაესწრო. სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ვითარებაში, 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.
„დღეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 100 წლის წინ, საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა, აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპა, ევროპული ოჯახი. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა თაობამ ეს საპატიო მისია, რომელიც გადმოგვეცა, ღირსეულად უნდა შევასრულოთ.
ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის. მინდა, მივულოცო ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. ძალიან კარგად მესმის, რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის – იყოს სამშობლოს გარეთ, უცხო ქვეყანაში. ეს ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და ძალიან ბევრს აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, 26 მაისს, ევროპელი ლიდერების საქართველოში სტუმრობა ქვეყნისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს სტუმრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ის გზა, მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ საქართველოს ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საქართველოს მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ასევე, ევროკომისიის, სომხეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა მიულოცეს.
ფიცის დადების ცერემონია ლიეტუვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი კი საოპერო მომღერალმა, ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მოედანზე ასევე, წარმოდგენილია: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, „ჩინგორი“, „დიდგორი“, „ლაზიკა“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, „ჰამერი“, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმმტყორცნი. დედაქალაქის გარდა, სამხედრო ტექნიკა გამოფენილია თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან დღეს 100 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი