პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონია დღეს მწერალთა სახლში შედგა და 5 -წლიანი პაუზის შემდეგ, პრეზიდენტმა სახელმწიფო პრემიების ლაურეატები გამოავლინა: მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა სპექტაკლის „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ სცენოგრაფიისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის;
პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, სერგეი რახმანინოვის, აარონ კოპლენდის ვარიაციებისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
მხატვარ-მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიას შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალ „ამაღლებისა“ და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
მწერალ გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა პროზაული ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე, და…“ და ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ბესიკ იაშვილს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა ნაშრომისათვის „თერმული დაზიანებანი და პლასტიკური ქირურგია“.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ერეკლე გამყრელიძეს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა შრომათა ციკლისათვის „საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ხმელთაშუა ზღვის (ალპურ-ჰიმალაიური) კოლიზიური სარტყლის გეოლოგიურ-ტექტონიკური აგებულებისა და გეოდინამიკური ევოლუციის კვლევა თეორიულ და გამოყენებით ასპექტში“.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის, ათობით და ასობით მეცნიერს და ხელოვანს კი კონკურსში მონაწილეობისათვის.
“ვიცი, რომ კომისიის წევრები, ხშირ შემთხვევაში, იმ სირთულის წინაშე იდგნენ, რომ ბევრი განსაკუთრებით საინტერესო სამეცნიერო ნაშრომიდან არჩევანის გაკეთება უჭირდათ. ეს ის სირთულეა, რომელიც გვეამაყება.
ჩვენი დღევანდელი შეკრება იმ ზეიმის ნაწილია, რომლითაც ვემზადებით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის – პირველი რესპუბლიკის ასი წლის აღსანიშნავად. ეს იყო მომენტი ჩვენს ისტორიაში, როდესაც დამოუკიდებლობაშეძენილმა ერმა განსაზღვრა რანაირად უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი თავისუფალი არსებობა. თავისუფლება, როგორც საკუთარი იდენტობის, საკუთარი გზის გააზრება და ამ გზის და მიზნის მოპოვების უნარია.
დღეს ჩვენი ზეიმი ამ გზის მნიშვნელოვანი შემადგენელია, რადგან პატივცემული ლაურეატები თვალსაჩინო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი გზა და გაგვაჩნია ამ გზის მიღწევის და ამ გზის დაძლევის უნარი. ჩვენ ვზეიმობთ დღეს რადგანაც საამაყოდ გვაქვს საქმე.
ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს უნარს, ჩვენს ძალას, ჩვენს ნიჭს და შესაძლებლობას. დიდ მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი შემოქმედებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომლისკენაც მიიყვანეთ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ერი, თქვენი ინდივიდუალური გამარჯვებების სახით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სახელწიფო პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი 2018 წლის 11 აპრილს გამოცხადდა. კომისიებში სულ 62 განაცხადი შევიდა.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ და პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს – თითოეულ გამარჯვებულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში 2 წელიწადში ერთხელ. პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს – თითოეულ გამარჯვებულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად. პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა, ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს – თითოეულ გამარჯვებულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.