მირზაანის ფიროსმანის მუზეუმმა სტუდენტურ კვირეულს უმასპინძლა
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის სიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მირზაანის ფიროსმანის მუზეუმში სტუდენტური კვირეულის დღეების დახურვის ცერემონიალი მოაწყო.
სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 6 დღის მანძილზე პარტნიორის სტატუსით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი შეუერთდა რომლებმაც ცალკეულ დღეების განმავლობაში საკუთარი თეატრალიზებული სანახაობები და განსხვავებული შინაარსის მქონე პერფორმანსები წარმოადგინეს.
შემოქმედებით აქტივობები გამართეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სტუდენტებს პარტნიორობა გაუწიეს ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებმა, რომელთაც სააგენტოს მიერ „კულტურული მემკვიდრეობის დესპანების“ სტატუსი აქვთ მინიჭებული და აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო უწყების ორგანიზებულ ღონისძიებებში.
კვირეულის ფარგლებში ფიროსმანის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს დედოფლისწყაროს სამხატვრო და ხელოვნების სკოლების მოსწავლეებმა.
სტუდენტური კვირეულის დასკვნით დღეს კი თეატრალიზებულ სანახაობები და გამოფენები წარმოადგინეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებმა.
სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებიც ჩაერთნენ.
საკუთარი აქტივობები წაქრმოადგინეს ფიროსმანის მუზეუმის თანამშრომლებმაც.
მირზაანის სტუდენტური კვირეული 17 მაისიდან 23 მაისამდე მიმდინარეობდა.