ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნება
25 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დარბაზის გახსნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებას გახსნიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდავეთის პარლამენტის თავმჯდომარე
ანდრიან კანდუ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი სრულად აღადგენს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებს. ეპოქას გააცოცხლებს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა: ქართული ლეგიონის თამარ მეფის სამახსოვრო ნიშანი და სიგელი (ორიგინალები); საქართველოს 1918-1921 წლების კონსტიტუციის (ის 1921 წლის 21 თებერვალს ბათუმში გამოიცა) გამოცემის ერთადერთი ეგზემპლარი; საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონები; საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები; ქართული სიმბოლიკის (ჰიმნის ტექსტი, გერბი)ორიგინალები; დამოუკიდებლობის აქტის სამუშაო ვერსიები; 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების მიერ ხელახლა დამტკიცებული დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი; 1918-1921 წლების საქართველოს მოქალაქის პასპორტი; დამფუძნებელ კრებაზე დასასწრები ბარათი; საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობა; 1903, 1918, 1919, 1921 წლებში გამოცემული საქართველოს რუკები, ხელნაწერები და საარქივო მასალები. ასევე გამოფენილი იქნება 1918-1921 წლების კულტურული ცხოვრების ამსახველი პანორამა. წარმოდგენილი იქნება კომპანია „ესტიას“ მიერ სპეციალურად დამოუკიდებლობის დარბაზისთვის დამზადებული ჭურჭელი, რომელზეც პირველი რესპუბლიკის პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული.
გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია საბჭოთა ეპოქის ამსახველი ფოტომასალა (კინოს, თეატრის, მუსიკის, სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები).
ექსპოზიცია დარბაზში დამონტაჟებულ სიმბოლურ წითელ გვირაბზე იქნება დატანილი. გვირაბის შიდა ნაწილში განთავსდება ფოტოები. გვირაბთან მოეწყობა მინი-ექსპოზიციები, მაგალითად, როგორიცაა პანტიანის მინდორი და ფეხბურთის მატჩის ყურება აკრძალული არხებიდან.
ასევე, წარმოდგენილი იქნება 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოები, ძველ მონიტორზე ასახული ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების კადრები. ექსპოზიციას დაასრულებს დღევანდელი საქართველოს რუკა და კონფლიქტის ზონის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ფონად მავთულხლართები გასდევს.
დამოუკიდებლობის დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიცია იქნება მუდმივმოქმედი და მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს უფასოდ.