ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციის I ეტაპი დაიწყო

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაციის I ეტაპი დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იგი ქვის კონსერვაციის სამუშაოებს მოიცავს.
შესრულებული სამუშაოების შედეგად: გაიწმინდა ქვებს შორის ადგილები; მოხდა ნაკერებისა და ბზარების ინექტირება; ნაკერების, მიკრობზარებისა და ბზარების ამოვსება; საანკერე ხვრელებისა და ანკერების მომზადება;საანკერე ხვრელების გასუფთავება და ჩაანკერება; კირის ხსნარით რეკონსტრუქცია;ქვის ნაწილების ფრაგმენტების გაერთიანება; ძველი, ცემენტის შევსებების გაწმენდა და შეცვლა კირის ხსნარით; მექანიკური წმენდა; ბიოციდით შეწამვლა 5-ჯერ; ორნამეტების კონსერვაცია.
წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მდებარეობს სოფ. ნიკორწმინდაში, სოფლის ცენტრიდან ოციოდ მეტრში. იგი დათარიღებულია XI ს-ით და მისი მშენებლობა უკავშირდება ბაგრატ III-ის მეფობის ბოლო პერიოდს (1010-1014 წწ.).
ძეგლი ჯვარ-გუმბათოვანია.გარედან ჯვრის ფორმის,გეგმაში ხუთ აბსიდიანი. აბსიდები ნახევარწრიულია, განთავსებულია სხივურად და დასავლეთით ებჯინება მოკლე მკლავი. აბსიდების შვერილებზე დაყრდნობილია აფრები, რომელზედაც გუმბათის ყელია მოწყობილი.შიდა სივრცეს გუმბათის თორმეტი სარკმელი ანათებს. გუმბათს კონუსური გადახურვა აბოლოვებს. საკურთხევლის გვერდებზე განთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო დასავლეთის მკლავთან ეკვდერები. მოგვიანებით არის ნაგები ეკლესიის მინაშენები, რომელთაგან ორი- სამხრეთისა და დასავლეთის დღემდეა შემორჩენილი. ჩრდილოეთი მინაშენი დანგრეულია და მისი გეგმა ნაწილობრივ იკითხება საძირკველის დონეზე.
შემსრულებელია ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი; პროექტის ხელმძღვანელია ნანა კუპრაშვილი, სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი – ალექსანდრე რუბაშვილი.
ჯგუფის წევრები: ელენე თორღვაიძე,  ნინი ზედგინიძე, ელენე ონაშვილი, საბა ციკოლია, გიორგი ნავროზაშვილი, ბექა ლომიძე, ბექა კოპაძე, მარიამ მიქელაძე, ფიქრია ფოცხვერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები