საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირი კინოკაფეს უმასპინძლებს
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნული კინოცენტრი რუსთაველის გამზირზე (თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარედ) კინოკაფეს წარმოადგენს.
მათი ინფორმაციით, კაფე გაფორმდება კინოატრიბუტიკით, ქართული ფილმების პოსტერებით, ფოტოგადაღების ბანერთან კი მსურველები ფოტოებს ფილმების პერსონაჟებთან ერთად გადაიღებენ.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე, კინოკაფეს ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტები – რეჟისორები და მსახიობები ესტუმრებიან. კაფეს შესასვლელთან კი სტუმრებს „ნატვრის ხე” დახვდებათ, რომელსაც ისინი ფერად ნაჭრებზე დაწერილ მათი საყვარელი ქართული ფილმების სახელწოდებებს შეაბამენ.
კინოკაფეში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.