„სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“ – რუსთაველის თეატრის მცირე სცენა ინკლუზიურ სპექტაკლს უმასპინძლებს
20 მაისს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება სპექტაკლი „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“. სპექტაკლს „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრალური დასი“ წარმოადგენს.
მათი ინფორმაციით, სპექტაკლი ლუის ქეროლის მოთხრობის მიხედვით დაიდგა, თუმცა მაინც სახეცვლილია.
„ეს არის მოგზაურობა, „სიზმარი” ქვეცნობიერ სამყაროში. მთავარ გმირი „ალისა” გადის ეტაპებს ქვეცნობიერში მოგზაურობისას, და უწევს შეხება შიშებთან, ემოციასთან, ტკივილთან, იმედთან, სხვადასხვა განცდასთან… მოკლედ რომ ვთქვათ, სპექტაკლში ასახულია ქვეცნობიერში ჩაღრმავების პროცესი-ეტაპები. საბოლოოდ კი, გმირი აცნობიერებს ყოველივეს, რაც ადრე ბურუსით იყო მოსილი და თავისუფლდება/ მთლიანდება“, – აღნიშნავენ თეატრში.
იდეის ავტორი/რეჟისორი: ირა კოხრეიძე;
ფსიქოლოგი/ასისტენტი: გიორგი მიქაბერიძე;
მხატვარი: გიორგი მიქაბერიძე;
მუსიკალური გაფორმება: SHE-KING.
„ირა კოხრეიძის ინკლუზიურ თეატრალური დასი“ 2015 წელს დაარსდა. დამფუძნებლები არიან: ირა კოხრეიძე, გიორგი მიქაბერიძე. მხარდამჭერები: „რუსთაველის თეატრი“ , ფონდი „ნიკე – თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“.
„დასში გაერთიანებულია 20 ადამიანი, რომელთა შორის 15-მდე მსახიობი სპეციალური საჭიროების მქონე პირია (შშმ). მათი ასაკი 14-დან 30 წლამდეა (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო, თალასემია და ა.შ.), ასევე დასში გაწევრიანებულნი არიან ტიპური განვითარების მსახიობები და ხელოვანები.
დასის მიზანია, თანამედროვე ხელოვნების შექმნა, არატრადიციული მიდგომებით, შშმ პირთა ინტეგრაცია და სოციალიზაცია საზოგადოებაში“, – აცხადებენ თეატრის მესვეურნი.
დასმა პირველი სპექტაკლი „მოგზაურობა“დადგა 2016 წელს, 2017 წელს – „ლეგენდა მედეაზე“, 2018 მარტში შედგა წარმატებული პრემიერა სპექტაკლისა – „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“. დასი რეგულარულ წარმოდგენებს განაგრძობს.