თხმორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში მდებარე XIX ს-ის თხმორისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი მას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 17 აპრილის ბრძანებით მიენიჭა.
ეკლესია დარბაზულია (16.5×9.5 მ). ნაგებია ყორე ქვით დუღაბზე. დასავლეთიდან მიდგმული აქვს სამსართულიანი სამრეკლო. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში კი თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით. გადახურულია კრამიტით.
ეკლესიას აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდი აქვს, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილია სამსაფეხურიანი მხრებით.
ტაძრის მორთულობას შეადგენს სარკმელთა მოჩარჩოება, ჩრდილოეთი კარის თავზე წმ. გიორგის გამოსახულებაა.
ეკლესიაზე დასავლეთიდან მიდგმულია სამსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, სამხრეთ კედელში ზედა სართულებზე ამავალი კიბეა ჩართული. მეორე სართულზე დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი. მესამე სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ფანჩატურია. გადახურულია თუნუქით. სამრეკლოს მორთულობას წარმოადგენს პირველი სართულის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლის დეკორატიული თაღები და დასავლეთის შესასვლელის სადა ლილვები.