„კულტურა საზღვრებს გარეშე“ – მეჯვრისხევსა და გორში მრავალი ღონისძიება გაიმართება

10 მაისიდან – 28 სექტემბრის ჩათვლით, განხორციელდება „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე”, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მრავალი ღონისძიება შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (მეჯვრისხევი – 10 მაისი, ქ. ზუგდიდი/სოფ. ტყაია – 21-22 ივნისი, სოფ.ორსანტია/ანაკლია – 6-7 სექტემბერი და სოფ. მერეთი).
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება  10 მაისს მეჯვრისხევსა და გორში, სადაც მწერლები და მეცნიერები (გიორგი კეკელიძი, გაგა ლომიძე, ნანა ლატარია) წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის – დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქართული მწერლობა და ხელოვნება 1918-1921; ალ. ყაზბეგი – 170, ო. ჭილაძე – 85, ასევე ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი და დევნილი ახალგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „აპრილის სუსხი“ ჩვენება.
პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯგუფის „ქიმერა“ მონაწილეობით გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში მონაწილე სტუდენტები – მეჯვრისხევიდან, ასევე გორში და მის შემოგარენში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები.
ადგილობრივ სკოლას და ბიბლიოთეკებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ხელმისაწვდომობის საკითხსაც. ამ ეტაპზე პროექტისთვის შერჩეულ სოფლებში (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი) არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს წიგნებით და განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს და შემეცნებით ღონისძიებებს. ქართველი გამომცემლების ჩართულობით, მოხდება ღია სამკითხველოების დაარსება – სივრცის, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.
მეჯვრისხევი – გორი 10.05.

13:30 – 13:45 სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ეზოში
14:00 – 14:20 ლექცია: ქართული ლიტერატურა 1918 – 1921 (გაგა ლომიძე)
14:20 – 14:30 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან
14:30 – 14:50 ლექცია: ალექსანდრე ყაზბეგი – 170 (ნანა ლატარია)
14:50 – 15:00 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან
15:00 – 15:20 ლექცია: ოთარ ჭილაძე – 85 (გიორგი კეკელიძე)
15:20 – 15:30 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან
15:30 – 15:45 – მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი „აპრილის სუსხი“
15:45 – წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება (7 საუკეთესო მოსწავლე)
17:00 – 18:30  გორი, გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – მუსიკალური კონცერტი ჯგუფ „ქიმერას” მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები