„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების საკანონმდებლო წინადადების საჯარო განხილვები დაიწყეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა, საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გამართეს, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება და აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არანაკლებ 25 წლის ასაკისა, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების მთავარი მიზეზია ქვეყანაში სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე. აგრეთვე, დაუსაქმებელ სტუდენტთა დამატებითი წახალისება დაუბეგრავი ხელფასის მიღების სახით.

“კანონპროექტის მიღების მიზეზს, ასევე წარმოადგენს, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაზიარებით, ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და მასთან ჰარმონიზაცია. სტატისკური მონაცემების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლის პარალელურად, სტუდენტთა უმრავლესობა ძირითადად დასაქმებულია კერძო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე. ამ დასაქმების უმთავრესს მოტივაციას სწავლის საფასურისთვის თანხების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ორგანიზაცია მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის მონაცემზე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და აღნინავს, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობამ შეადგინა – 38 104. აქედან, სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემის გამო შეუჩერდა 50%-ზე მეტს – 22 819 პირს, რაც ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშო მაჩვენებელია და საჭიროებს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დროულ და ეფექტურ რეაგირებას.

ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, 82-ე მუხლის მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში, არ აღემატება – 6000 ლარს“.

ორგანიზაციამ სტუდენტურ საზოგადოებას საკანონმდებლო წინადადების გაცნობისა და მოსალოდნელ შედეგებზე დისკუსიის პარალელურად, გააცნო საკითხის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ონლაინ პეტიცია, რომელიც გამოქვეყნებულია ელექტრონულ გვერდზე და მოსახლეობას მოუწოდებს სამოქალაქო ჩართულობისკენ. ღია პეტიციის ადრესატია საქართველოს პარლამენტი, რომელმაც უნდა განიხილოს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება. ამასთან, ორგანიზაცია თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, საკანონმდებლო წიანდადებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება/პოზიცია წარმოადგინოს წერილობით, დაასაბუთოს საკანონმდებლო წინადადების მიღების საჭიროება, რასაც ორგანიზაცია, როგორც დამატებით ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტს გადაუგზვანის”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს პარლამენტს 2018 წლის 28 მარტს წარედგინა. ორგანიზაციამ 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა, საკანონმდებლო წინადადების განხილვა, მისი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, არ მომხდარიყო ინიციატორი მხარის მონაწილეობის გარეშე. პარლამენტის ბიუროს 3 აპრილის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვაზე დადგინდა ორი კომიტეტი – საფინანსო-საბიუჯეტო (წამყვანი კომიტეტი) და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი. ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრები მოაწყოს უმაღლესს სასაწავლებლებში და შეხვდეს აკადემიურ საზოგადოებას. მორიგი საკანონმდებლო წინადადების მომზადება, ორგანიზაციის გუნდმა, დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში უზრუნველყო. საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიას ორგანიზაციის წარმომადგენლები: მარიამ ფირცხალაიშვილი, რუსლან ალექსიძე და გიორგი ზოიძე უძღვებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები