ბერა ივანიშვილის ახალი ქართული სიმღერა – თანამდებობის პირებზე, საზოგადოების პროტესტსა და სხვა აქტუალურ თემებზე (ვიდეო)

ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი სამწლიანი პაუზის შემდეგ, მსმენელს ქართულ სიმღერას სთავაზობს. კლიპს სახელწოდებით, „ჩემო ძმაო“, ბერა რეპერ sf-x- ზაზა ნოზაძესთან ერთად ასრულებს.
სიმღერის ტექსტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ბერა ივანიშვილის დამოკიდებულებას გადმოსცემს. რეპერი კრიტიკულია თანამდებობის პირების და ეკლესიაში არსებულ ვითარების მიმართ, ის მსმენელს ასევე ე.წ. ჩადების თემას ახსენებს და ამბობს, რომ ნარკოტიკების ჩადების გაპროტესტება „ბირჟა მაფიას“ საქმის დროს აღმოჩნდა აქტუალური, თუმცა, როცა ქვეყანას მაფია მართავდა, მაშინ ხალხს ეშინოდა და ამ სახის ძალადობას არავინ აპროტესტებდა.
“ბერა” მიმართავს საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც წლების განმავლობაში, შიშის გამო პროტესტს ვერ გამოხატავდა, ახლა კი სიტყვის თავისუფლებაზე და და უსამართლობაზე ხმამაღლა საუბრობს.
„ყველანი საუბრობთ ფულზე, მე გეტყვით მარტივი ენით – ჯერ არავინ გამდიდრებულა კომენტარების წერით“, – ნათქვამია სიმღერის ტექსტში.
ბერა ივანიშვილი ასევე მიანიშნებს, რომ ჩინოვნიკები თანამდებობაზე გამდიდრებას ცდილობენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ისტორია გამოგონილ გმირებს არ ცნობს. სიმღერის ტექსტის მიხედვით, ასეთი თანამდებობის პირები ხალხზე ზრუნვას ვერ შეძლებენ, რადგან ისინი თავიანთ შვილებზეც კი არ ფიქრობენ.
რეპერი სისტემასთან დაპირისპირებასაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ როდესაც ის სისტემას ებრძოდა, მხოლოდ 16 წლის იყო და ახლა კი პროტესტის გამოხატვა ადვილია. სიმღერაში ასევე ნათქვამია, რომ როცა ქვეყანაში თანამოქალაქეებს აწამებდნენ, მაშინ ამის გაპროტესტების ბევრს ეშინოდა, არც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, თუმცა ისიც წარმოუდგენელია, რომ საზოგადოებას იმის სჯეროდა, რასაც იმდროინდელი მედია გადმოსცემდა.
ქართველი რეპერი ეკლესიაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ღმერთს სხვაგან არ ეძებს, რადგან სასულიერო პირების ნდობა ძნელია და არ იცის, რას იკადრებენ ის ადამიანები, ვისაც მრევლი აღსარებას აბარებს.
ბერა ივანიშვილი სიმღერაში მშობლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათზე ლოცულობს და მის ნდობას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები იმსახურებენ.
როგორც სიმღერის ბოლოს ბერა ამბობს, სამშობლოს ერთიანი გუნდით დაუბრუნდა და თუ ვინმეს ქვეყნის გადარჩენა სურს, ამისთვის წყენა უნდა დაივიწყონ და საერთო მტერს ერთად უნდა დაუპირისპირდნენ. სიმღერა „ჩემო ძმაო“ რეპერმა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში სახელწოდებით – „3 წლის დაგროვებული სათქმელი…“ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები