პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 8 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge) ხორციელდება. ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად მომხმარებელმა ბრაუზერში უნდა აკრიფოს შესაბამისი მისამართი ან ისარგებლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით.
სამინისტროს ცნობით, მოსწავლის და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს.
“გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ბავშვის რეგისტრაციას.
ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისთვის“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები