მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სემინარი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში სემინარი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.

სემინარი ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ფეტმა და ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.

კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.

სემინარის მუშაობაში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას. სემინარზე გამოვლინდა პროექტის 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის.

პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მეხუთე წელია ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები