რაინჰოლდ მესნერი – „კავკასიის მთის ცენტრი”, რომელიც სვანეთში აშენდება, ჩემი მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება

„ეს მუზეუმი იქნება განსხვავებული იმ 6 მუზეუმისგან, რომლებსაც მე ვხელმძღვანელობ ალპებში, თუმცა იქნება ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი და მთელ მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ. მშენებლობას ჩვენ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დავიწყებთ. თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, განსაკუთრებით, უშბა – უმნიშვნელოვანესი მთა ალპინიზმის ისტორიაში. კავკასია იყო პირველი მთიანი რეგიონი, სადაც მთამსვლელები ალპებიდან გაემგზავრნენ და კავკასიის მთები ევროპელი მთამსვლელების ყურადღების ცენტრში მოექცა, დღეს კი  შეიძლება მოექცეს მსოფლიოს ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რადგანაც გაუმჯობესებულია ხელმისაწვდომობა, შესაძლებელია გაუკვალავ ფერდობებზე, აგრეთვე, სტანდარტულ სათხილამურო გზებზე დაშვება, სათხილამურო ტურების ჩატარება. თქვენი მთები იდეალურია ალპინიზმისა და სამთო ტურებისთვის. ვფიქრობ, კავკასიის მთები მალე არაფრით ჩამოუვარდება ალპებს – მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალპინისტების, სამთო ტურების მოყვარულების ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით”, – აღნიშნა მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

სვანეთში, კერძოდ, მესტიაში, ზურულდზე მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი რაინჰოლდ მესნერი „კავკასიის მთის ცენტრის” შექმნას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილმა მთამსვლელმა 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ამჯერად, რაინჰოლდ მესნერი სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და სამშენებლო სამუშაოებისთვის შერჩეული ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლისთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად დაათვალიერა, რის შემდეგაც პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელა.
რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა. მესნერი ასევე პირველია, ვინც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს.  იგი  ევროპარლამენტის წევრიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები