ირაკლი აბსანძე: მთელი მსოფლიო მედია წიგნიერებას მოიაზრებს პროპაგანდის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოწვევით ამერიკელმა მედია მენეჯერმა მიჩსელემა ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერ კლასი დაიწყო.
კომისიამ ამერიკელი ექსპერტი მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში მოიწვია საქართველოში. ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე მედია წიგნიერების პროექტს აფასებს.
ის ამბობს, რომ მთელს მსოფლიოში პროპაგანდასთან და ყალბ ამბებთან საბრძოლველად ერთადერთი ინსტრუმენტი არსებობს და ეს ინსტრუმენტი მედია წიგნიერებაა.
„პროფესორი მიჩსემელი თავისი გამოცდილებით ერთ- ერთი კარგად ინფორმირებული მედია მენეჯერია და ძალიან კარგია, რომ მასთან ურთიერთობის საშუალება გვექნება ეს ორი დღე. ჩვენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება ვინაიდან ის ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, მას აქვს როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის გამოცდილება და ამიტომ პირადად ჩემთვის ესეც საინტერესო თემაა რით განასხვავებს ის ამ ორ სპეციფიკას. ხოლო მთავარი მიმართულება რასაც ეს სემინარი ემსახურება მედიაწიგნიერებაა. მთელი მსოფლიო და ალბათ ეს პროფესიონალიც სწორედ მედია წიგნიერებას მოიაზრებს პროპაგანდის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად. და ვფიქრობ ამ ტრენინგსაც დიდი როლი აქვს ამ მიმართულებით“,- განაცხადა გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ ავტორმა და წამყვანმა ირაკლი აბსანძემ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი სემინარი და რომ პერმანენტულად გაგრძელდება მედიისთვის პროფესიონალების ჩამოყვანა და სხვადასხვა კურსები გაკეთდება.
„იმის ფუფუნება, რომ კვალიფიციური და მაღალი დონის მედია მენეჯერები ჩამოიყვანონ არ აქვს არცერთ მედიაორგანიზაციას ამას გააკეთებს მარეგულირებელი კომისია, რათქმა უნდა ეს შანსია ჩვენთვისაც ჟურნალისტებისთვის და შანსია პროდუქტის მომხმარებელებისთვის. მედია წიგნიერება არაფერია გარდა იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ სწორი და არასწორი, ყალბი და ნამდვილი ახალი ამბების განსხვავება და არ მოვატყუოთ მომხმარებელი . ეს არის ძალიან მარტივად თქმული მაგრამ ძალიან რთული თემა და ამ რთული თემის გაშლას აპირებს კომისია ინსტიტუციურ დონეზე“,- განაცხადა ირაკლი აბსანძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები