მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა შემზარავი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა, ზვიად გამრეკელაშვილი მომხდარი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობს.
ზვიად გამრეკელაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი მეუღლისგან მუდმივად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა.
მისივე თქმით, თაკო გამრეკელაშვილის ყოფილ მეუღლეს ირაკლი აბულაძეს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ზვიად გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ირაკლი აბულაძესა და ვეფხია ბაქრაძეს დედა-შვილის (თაკო გამრეკელაშვილისა და დედამისის) „დაკნინება“ ჰქონდათ მიზნად.
“თაკო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. თავის პრობლემებზე მელაპარაკებოდა, პირად პრობლემებზე. თაკო დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა მეუღლისგან, თუ ყოფილი მეუღლისგან. როგორ დავარქვა არ ვიცი, რადგან ბოლო დროს ერთად არ ცხოვრობდნენ. ვეფხია ბაქრაძე და თაკოს ყოფილი ქმარი ძალიან დაახლოებული პირები იყვნენ, ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, რომ ვეფხიას დაეჩაგრა ჩემი შვილის დედა და ირაკლის – ჩემი შვილი. ცდილობდნენ დედა-შვილი დაეკნინებინათ. ამ თამაშს თამაშობდნენ. ირაკლის ყოველთვის ვაფრთხილებდი, შვილები გყავს გასაზრდელი და მეუღლეს სათანადო ყურადღება სჭირდებათქო. ჩემი შვილი ამ დრომდე იტანდა ამ ყველა უბედურებას, მის ხელში არ გაუხარია. ძალიან ბევრი რამე ვიცი, არ ვიცი გამოძიება ჩემთან რატომ არ თანამშრომლობს. ახლა ის ე.წ. სიძე რეკავს საბერძნეთიდან, იმუქრება და მეორე ბავშვისკენ არის დამზერილი”, – ამბობს ზვიად გამრეკელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები