გუგული მაღრაძე დღეიდან სიგარეტის აკრძალვაზე: მერე რა, პარლამენტარებიც გაივლიან 300 მეტრს, მოწევენ და გამოვლენ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელიც დახურულ შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ დღეს ამოქმედებული კანონის ინიციატორია, „კვირასთან“ კომენტარს აკეთებს.
დეპუტატი ელის, რომ საზოგადოება საკითხს შეგნებით მოეკიდება და კანონს დაემორჩილება.
თუმცა გუგული მაღრაძე, რომელიც მწეველი არასოდეს ყოფილა, არ მალავს, რომ მწეველი კოლეგებისა და მეგობრების ნაწილის მხრიდან, საყვედური პირადად მოისმინა, მის უკვე კანონად ქცეულ ინიციატივასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სათანადო ორგანოები მზად არიან, რომ კანონის აღსრულებას ზედამხედველობა გაუწიონ.
„მე მაქვს მოლოდინი იმისა, რომ საკმაოდ შეგნებულად მოეკიდება საზოგადოება ამ საკითხს, უფრო მეტად ამუშავდება თვითრეგულაციის მექანიზმები – ადამიანები დაემორჩილებიან კანონს და გარდა ამისა, მივუთითოთ სხვა ადამიანებსაც გვექნება უფლება, რომ თუ ვინმე ეწევა, კანონს ნუ დაარღვევს. აქ თვითრეგულაციის მექანიზმები და მოქალაქეთა აქტივობა უფრო წამყვანია, თუმცა, სათანადო ორგანოები: შსს, ფინანსთა სამინისტრო, უკვე მომზადებულები არიან იმისთვის, რომ ზედამხედველობა გაუწიონ ამ კანონის აღსრულებას“, – განუცხადა „კვირას“ გუგული მაღრაძემ.
გუგული მაღრაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მწეველ დეპუტატებს, სიგარეტის მოსაწევად, საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მოუწევთ.
„პარლამენტში მოსაწევი ადგილი არ არის, მაგრამ მერე რა, გაივლიან 300 მეტრს, მოწევენ და გამოვლენ. ეს კანონშემოქმედებით საქმიანობას არ შეუშლის ხელს. იმიტომ, რომ როცა დეპუტატი გადის დარბაზიდან, გინდა კიბესთან მოწიოს და გინდა გარეთ, იმ 10-15 წუთის მანძილზე კანონშემოქმედებითი საქმიანობა მაინც წყდება. მართალია ზოგიერთები, კოლეგებიც და მეგობრებიც, მეუბნებიან, რომ – „რას გვერჩი“, მაგრამ მე ვუხსნი, რომ ეს არის მათივე ჯანმრთელობისთვის გადადგმული ნაბიჯი. სოციალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 80% დახურულ შენობაში მოწევის აკრძალვის მომხრეა და მათ შორის 65 თუ 70 პროცენტს, მწეველები შეადგენენ. თავს ვერ ანებებენ მოწევას, მაგრამ ხედავენ, რომ ძალიან დამღუპველია სხვებისთვისაც და მათთვისაც“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.
ამასთან, გუგული მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ კანონი მარიხუანას მოწევაზეც გავრცელდეს.
„ეს თამბაქოს ეხება, თუკი დავიწყებთ მარიხუანაზე, იმასაც მოვახერხებთ, რომ მისი მოწევაც აიკრძალოს დახურულ შენობაში, თუმცა თამბაქოზე ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გამონაბოლქვი ძალიან საზიანოა არამწეველებისთვისაც და ეს იყო მთავარი ამოსავალი. გარდა ამისა, კონკრეტულად ვიცით რა დაავადებებს იწვევს და ამ დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში, ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს – ესეც გასათვალისწინებელია. მარიხუანასთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდება კვლევები და მე ვფიქრობ, დახურულ შენობებში არც მარიხუანას მოწევა არ იქნება დაშვებული. და ვინ თქვა, რომ მარიხუანას მოწევა შეიძლება დახურულ შენობაში?! არც ეს შეიძლება, მოწევა მოწევაა“, -აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
ცნობისთვის, დღეიდან, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.
წესების დამრღვევი დაწესებულება კი, პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება.

პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში;

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;

ამავე კანონის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

ფიზიკური პირის სახლში; ტაქსისა და კატერში;

სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში;

პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.

ამასთან, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე, დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები