ევროკავშირი მხარს უჭერს, ზოგიერთი ბანკის მიერ დაწუნებულ ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივას, “სტარტაპ” კაპიტალთან დაკავშირებით

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დაფინანსებისთვის, როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ისე საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორის განვითარება, წყალი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა.

მხარეებმა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის მხრიდან გაწეული დახმარების პროგრამების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის (EU EIP) განხორციელების მნიშვნელობას. EU EIP მორგებულია თითოეული პარტნიორი ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე და 2020 წლამდე, პარტნიორ ქვეყნებში იგეგმება 44 მილიარდი ევროს რესურსის მობილიზება ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ასევე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის მიმართულებით.

„საქართველოს დელეგაციასთან გვქონდა სასიამოვნო და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩემს კოლეგებთან ერთად, შევხვდით ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს. ვისაუბრეთ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. გილოცავთ შთამბეჭდავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გქონდათ 2017 წელს. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდება. განსაკუთრებით აღვნიშნეთ ორი საინვესტიციო სფეროს შესაძლებლობები. ერთ-ერთია ენერგოეფექტურობა და კავშირგაბმულობა. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მიერ „სივრცის დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა, რაც გზას გაუხსნის ინვესტიციების განხორციელებას მშენებლობის დარგში, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ კომპანიებს, რომლებსაც შეეძლებათ ენერგოეფექტური მასალების წარმოება.

მეორე სფერო, რაზეც ვისაუბრეთ ეხება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან თქვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა, ის შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გაქვთ, გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური, შეეხოს თითოეულ მოქალაქეს და რეგიონის მოსახლეობამაც ხელი შეუწყოს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას.

გვჯერა, რომ საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტები ამ მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ,“ – განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები