RMG: თეთრიწყაროში ტყითსარგებლობის სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობისა და სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის პირობების შესაბამისად ხორციელდება
“თეთრიწყაროს რაიონში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში, კომპანია RMG-მ ღიად და გახსნილად აცნობა საზოგადოებას თეთრიწყაროს რაიონში ახალი პროექტის დაწყების შესახებ”,-ამის შესახებ კომპანია RMG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, თეთრიწყაროს რაიონში, კომპანია RMG სალიცენზიო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სამუშაოები სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის მაისში გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს “სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ გამართულ შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს, სრული ინფორმაცია წარედგინათ პროექტით დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მათ შორის, ტყით სარგებლობასთან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით.
ბნელი ხევის საბადოს ათვისების პროექტი კარიერის და სანაყაროს მოწყობას ითვალისწინებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 20 000 000 ლარს შეადგენს. ადგილზე კომპანია საერთო სარგებლობის საგზაო ინფრასტრუქტურას აშენებს, ხოლო პროექტის სრული დატვირთვით ამუშავებისას რაიონში შეიქმნება დამატებით 300-მდე სამუშაო ადგილი. თეთრიწყაროს ადგილობრივ ბიუჯეტში კომპანია გადასახადების სახით არანაკლებ 5 160 000 ლარს გადაიხდის.
თეთრიწყაროს რაიონში, კომპანია RMG სალიცენზიო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სამუშაოები სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის მაისში გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს. ტყითსარგებლობის სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობისა და სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის პირობების შესაბამისად ხორციელდება. სამუშაოების მონიტორინგსა და ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ ტყითსარგებლობის უფლებისათვის კომპანიას გადახდილი აქვს კომპენსაცია 1 017 312 ლარი, რომელიც ტყის ფონდის აღდგენას მოხმარდება. გარდა ამისა, მოჭრილი ხეები, რომელიც განთავსებულია თეთრიწყაროს რაიონში სატყეო სააგენტოს გადაეცემა. ეროვნული სატყეო სააგენტო შეშას სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს ან გაყიდის აუქციონის გზით, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მონაწილეობის მიღება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ არც ახლა და არც მომავალში, არანაირი საფრთხე არ შეექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ფიტარეთის მონასტერს და ხულუტის ციხეს.
“მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტყის გაშენების ვალდებულებას, კომპანია RMG სოფელ მარტყოფში ტყის განაშენიანების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 2017 წელს კომპანიამ უკვე დარგო 6000 ფიჭვის ნერგი, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 25 000 ნერგს დარგავს. აღნიშნული პროექტი არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და ის მომავალშიც გაგრძელდება, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც ახლა და არც მომავალში, არანაირი საფრთხე არ შეექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ფიტარეთის მონასტერს და ხულუტის ციხეს ( ფიტარეთის მონასტერი საბადოდან 2.5 კილომეტრით, ხოლო ხულუტის ციხე 1.3 კილომეტრით არის დაშორებული). კომპანიის მიერ უკვე ჩატარებულია არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ დაგეგმილი სამუშაოები არ მოახდენს არანაირ უარყოფით ზეგავლენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. RMG აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და სამუშაოების დაგეგმვისას და განხორციელებისას სააგენტო ახორციელებს ძეგლების უწყვეტ მონიტორინგს.
გარდა ამისა, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, RMG კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისათვის 1 700 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან, ფიტარეთის მონასტრის რეაბილიტაციისათვის 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება”, – ნათქვამია კომპანია RMG-ის განცხადებაში.