სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სლოვენიის სატყეო სამსახურის ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო, მიმდინარე წელს, ტყის ეროვნული დონის ინვენტარიზაციას იწყებს, რაც აქამდე ქვეყანაში არ განხორციელებულა. ინვენტარიზაცია 2019 წელს დასრულდება და საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მონაცემები ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ, რაც ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვისა და ტყესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს და ამავდროულად ხელს შეუწყობს საერთაშორისო ანგარიშგებას.
ქვეყნის ტყეების შესახებ განახლებული მონაცემები იძლევა ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის უკეთ დაგეგმვის საშუალებას და ტყის მდგრადად მართვის შესაძლებლობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე ტყის რესურსებზე მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხრივ.
სლოვენია ბუნებრივი ტყეების მართვის საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტყის ინვენტარიზაციის, საინფორმაციო სისტემებისა და დაგეგმვის მიმართულებით.
შეხვედრაზე ტყის ინვენტარიზაციის, ტყითსარგებლობის დაგეგმვის, ტყის შესახებ მონაცემთა მოგროვებისა და მართვის საკითხები განიხილეს. შეხვედრა გერმანიის საერთაშორიოს თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი