ვოლფრამ ზენგერ-ვაისი: ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და კმაყოფილნი ვართ ჩვენი ინვესტიციებით
“ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და დღეს ძალიან კმაყოფილნი ვართ ჩვენი ინვესტიციებით”, – ამის შესახებ მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, Gebrüder Weiss-მა საქართველოში არაერთი ბიზნესი მოიზიდა, უახლოეს მომავალში კი მსხვილი იაპონური კომპანიის შემოყვანას გეგმავს.
„ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ ჩვენი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი განვითარების შემდგომ ფაზაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ქვეყნის წარმატებები და აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ლოგისტიკის სექტორის განვითარებით. საქართველოში ლოგისტიკური ტერმინალის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ორიოდე წლის წინ მივიღეთ, სწორი აღმოჩნდა. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აქ ვიმყოფებით”, – განაცხადა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა.
Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს წევრსა და კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.