ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რესტავრაცია იწყება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რესტავრაცია გრძელდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული სარესტავრაციო სამუშაოები, 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქუთაისის თოჯინების თეატრში სტუმრობისას, დასის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.
„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რესტავრაციისთვის 534 655 ლარი გამოყო.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის, რამდენიმე ათეული შენობის რესტავრაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.