ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ეს კატეგორია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანებით მიიღო.
„სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. აქვს ერთფერდა, კრამიტის გადახურვა, რომელზეც ორი საკვამურია ამოყვანილი. სახლს წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს, რომელიც გვერდებიდან გახსნილია. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. ოთახებს ერთმანეთისგან ვიწრო ტალანი ყოფს, რომელთანაც ისინი კარით არიან დაკავშირებული. ოთახები აივნის მხრიდან დატანებული სარკმლებით ნათდება. ორივე ოთახში ბუხარია მოწყობილი. სახლის იატაკი აგურფენილია. შედარებით მცირე ზომის ოთახი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია. ამავე ოთახში დაიბადა ვაჟაც. აქვე იყო მისი სამუშაო ოთახიც. მეორე უფრო დიდი ზომის ოთახი კი ვაჟას დროსაა აშენებული და მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. სახლის ერთი ნაწილი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია, მეორე ნაწილი კი – თავად ვაჟასი.
ეზოში დგას საბძელ-გომური, თორნე და წისქვილი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები