ბელგიის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოციალური საწარმო დაათვალიერეს

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო ბელგიის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. კაფეტერია „შეცვალე სცენარი“ თბილისის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებს. სტუმრები კაფეტერიის მუშაობის პრინციპებს ადგილზე გაეცნენ, გაესაუბრნენ საწარმოში დასაქმებულ ყოფილ პატიმრებსა და ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებს.

ბელგიის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის კარელ მიშიელისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ბელგიის ფედერალური სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელის ჯო მატინის ვიზიტის მიზანი  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა და მათთან ერთად თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვაა. სტუმრებმა კაფეტერიის კერძებიც დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ კაფეტერია 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.  კაფეტერია 120 ათასზე მეტ მომხმარებელს უკვე მოემსახურა.

საწარმოს  მიზანია ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასაქმება, რაც მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს. სამი წლის განმავლობაში საწარმოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ 40-მდე ბენეფიციარი დასაქმდა. კაფეტერიის ხელმძღვანელი, ბუღალტერი და მზარეულები პროფესიული ნიშნით შეირჩნენ, ხოლო დამხმარე პოზიციები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაიკავეს.

კაფეტერია თბილისის იუსტიციის სახლში მომუშავე პერსონალს ემსახურება. სოციალური საწარმოს საშუალებით, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოველდღიურად ხელმისაწვდომ ფასად კაფეტერიითა და მაღალი ხარისხის პროდუქტით სარგებლობენ, მეორე მხრივ კი, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარებს დასაქმების შესაძლებლობა აქვთ. დასაქმებული ბენეფიციარები იუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა” 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. ყოფილ პატიმართა დასახმარებლად შექმნილ პირველ სახელმწოფო პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები