ნონა კუპრეიშვილის საჯარო ლექცია – „რევოლუციის ეროსი“ გაიმართება

11 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ ნონა კუპრეიშვილის საჯარო ლექცია „რევოლუციის ეროსი“ გაიმართება.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, დღევანდელობის კონტექსტში ეროტიზმის თემა საყოველთაო და უმტკივნეულოა, თუმცა XX საუკუნის პირველ ოცწლეულში ვითარება სრულიად განსხვავებული და ხშირად წინააღმდეგობრივიც იყო.
„ნონა კუპრეიშვილის საჯარო ლექციის ფარგლებში ჩვენ თვალს მივადევნებთ ეროტიზმის, როგორც მოდერნისტული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი კონცეპტისა და ეროტიზმის, როგორც პოსტრევოლუციური (გასული საუკუნის 20-იანი წლების) ქართული მწერლობის ინტერესის ახალი ობიექტის რეპრეზენტაციებს. შიო არაგვისპირელიდან, რომელიც თავისი ნოველებით ქართველი ქალის ისტორიულ ხატის დეკონსტრუქციას ახდენს, იწყება ეროტიზმის თემის ლეგიტიმაცია. ის საინტერესო გაგრძელებას პოულობს იოსებ გრიშაშვილის, პაოლო იაშვილის, ნინო თარიშვილის პოეზიაში, გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში. თუმცა ბოლშევიზმის პირობებში უკიდურესად უტრირებულ, პლაკატურ-კონიუნქტურულ სახე იღებს (საილუსტრაციოდ გამოდგება კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობა „პირველი დედა“) და სტალინიზმის პირველივე წლებიდან იმდენად პოლიტიზებული ხდება, რომ მტრული იდეოლოგიის გამოვლინებად ცხადდება და იკრძალება“… – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები