მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დამარცხება მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია

„პირველი ივლისიდან, მცირე მეწარმეებს გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ„ – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმის ფარგლებში, ყველა მეწარმე, რომელთა შემოსავალიც 500 ათას ლარს არ აღემატება, სიმბოლურ, 1% გადასახადს გადაიხდის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სასტარტო კაპიტალის დეფიციტი არის სისტემური პრობლემა.
„ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია, ხოლო საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიები ნიშნავს კონკურენციის დაბალ დონეს და გაზრდილ ხარჯებს. იმისათვის, რომ არ მოხდეს მონოპოლიების გაჩენა, აუცილებელია ყველასთვის სამართლიანი თამაშის წესების შემოღება“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის ლაიტმოტივი სწორედ ახალი, სამართლიანი თამაშის წესების შემოღებაა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მონოპოლიების საპირწონედ უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო წახალისება. ფინანსთა მინისტრის თქმით, გამარტივებული პროცედურები და დაბალი გადასახადები არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, ეკონომიკის ისეთი ზრდისთვის, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. მამუკა ბახტაძის თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმა აუცილებლად განსახორციელებელია და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას გადაუხვევს.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეკონომიკის მთავარი რესურსი და სიმდიდრე სწორედ ადამიანები არიან, რომლებიც, სხვადასხვა ბარიერების გამო, პროექტებს ვერ ახორციელებენ, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.
„ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, ხოლო სიღარიბის დამარცხება მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია“ – განცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები