“პრეზიდენტი და შეწყალებით შენიღბული ბოროტება”- ლაშა ნაცვლიშვილის ვიდეომიმართვა (ვიდეო)

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი შეწყალების უფლების შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და შეწყალებით კრიმინალის წახალისებაზე სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“1990 წელს პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში გენიალური მწერალი მარიო ვარგა სიოსლა თავის კონკურენტთან, ინჟინერ ალბერტო ფუქიმორისთან დამარცხდა. ამ არჩევნებმა პერუელ ხალხს მოუტანა 10- წლიანი უკანონო მოსმენების პოლიტიკური მდგომარეობა, ოპონენტების მკვლელობები, საპროტესტო აქციები. ტყვიამფრქვევებით დახვრეტები და 200 ათასამდე პერუელის იძულებითი სტერილიზაცია. 2000 წელს ფუხიმორი ჩინეთში გაიქცა, საიდანაც მისი სამშობლოში ექსტრადიცია და 25 წლით გასამართლება მოხდა. რამდენიმე დღის წინ კი, საშობაოდ, ასევე ბევრისთვის მოულოდნელად და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, პერუს მოქმედმა პრეზიდენტმა მისი ექს-კოლეგა შეიწყალა. აი, აქ მოხდა ნამდვილი საოცრება, ყველა ადგილობრივი უფლებადამცველი და ენჯეო ერთად დამწკრივდა და შეწყალების აქტი დაგმო. კარგად განმარტეს, რომ ეს შეწყალება მკაცრად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. განმარტეს, რომ მისი შეწყალება რეჟიმის ყველა მსხვერპლისთვის სილის გაწნას ნიშნავდა. გაეროს ადამიანთა უფლებების კომისიამ კი აღნიშნა, რომ ამ აქტით პერუ გავიდა პროგრესის ლიანდაგიდან.

მოკლედ, 2018 წელი ლიმას ქუჩებში გამოსული განრისხებული ხალხისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უნისონით დაიწყო. ჩვენთანაც, ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ შეწყალება გადაიქცა. 5 იანვარს გირგვლიანის მკვლელების წინასწარ შეპირებული შეწყალებისთვის, რაც დანაშაულის დაფარვას და შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად, მიშა სააკაშვილს პატიმრობა მიესაჯა. ამ განაჩენით სამართალის ურმით სიარულისა და სასჯელის გარდაუვალობის პრინციპმაც კი იზეიმა, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხის ხმა უკვე მერამდენედ ვერ მოვიდა უნისონში ვერც მოქმედი პრეზიდენტის და ვერც ენჯეოების განცხადებებთან. მოქმედ პრეზიდენტს არ მოეწონა, რომ მის წინამორბედს მორალურის გარდა, სხვა ფორმითაც უწევს პასუხისმგებლობა, მაგრამ რა ვუყოთ, რომ პერუშიც და საქართველოშიც ხელისუფლების წყარო ხალხია და შეწყალების უფლებასაც ის იძლევა, მაგრამ არავის გადაუცია პრეზიდენტისთვის დანაშაულის ჩადენის უფლება, რადგან ასეთი უფლება ბუნებაში არ არსებობს და ვერც ხალხიდან პრეზიდენტამდე მისი დელეგირება მოხდებოდა დემოკრატიული არჩევნების გზით.

არადა, მთელი კვირაა, “ნაცები” “ნეონაცები” და მათთან გათანაბრებული პირები გულმოდგინედ გვიმტკიცებენ, რომ თურმე შეწყალების აქტის სამართლებრივი რევიზია დაუშვებელია, თითქოს პრეზიდენტის ბრძანებულება რიგითი კანონქვემდებარე აქტი კი არა, ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო ან სხვა რომელიმე საეკლესიო დოგმატი იყოს. მოდი, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ. შეწყალების უფლება მართლაც ექსკლუზიური უფლებაა და ამ უფლების რეალიზაციისას პრეზიდენტს შეუძლია იყოს სუბიექტური, მაგრამ თუ პრეზიდენტი შემთხვევით ცდუნდა და მაგალითად, ქრთამი აიღო ვინმესგან შეწყალებისთვის, ან ნარკორეალიზატორი გამოუშვა ციხიდან იმ პირობით, რომ შეწყალებულს მისი რომელიმე ახლობლისთვის არ დაედო ხელი, მაშინ ეს ყველაფერი სისხლის სამართლებრივი დევნის უპირობო საფუძველი უნდა გახდეს.

თავის დროზე, კანტი და ვოლტერიც უკიდურესად მავნე პრაქტიკად მიიჩნევდნენ სუვერენისთვის შეწყალების უფლების შენარჩუნებას. მეტიც, ცეზარე ბეკარია წერდა, რომ ჰუმანიზმი ის სიქველეა, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობაში უნდა აისახოს და არა ინდივიდუალურ აქტებში და თუ ქვეყანაში კანონი ჰუმანურია, სასამართლო კი სწრაფი და სამართლიანი, ასეთ ვითარებაში, შეწყალების უფლების ერთპიროვნული რეალიზაცია სუბიექტივიზმიდან გამომდინარე, არის არა სიკეთე, არამედ კანონის წინაშე უთანაბრობის წყარო და დაუსჯელობის დეკრეტირების აქტი. ბეკარია შეწყალების ერთპიროვნულ აქტს გაუნათლებელ ქველმოქმედებას უწოდებდა.

შეწყალების აქტი, ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური მმართველის ხელში უკიდურესად ძუნწად გამოიყენება. იგი საგამონაკლისო ბუნებისაა და ეს ასეც უნდა იყოს. მაგალითისთვის, ბალტიისპირეთში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ანუ 27 წლის მანძილზე, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ჯამურად სულ შეწყნარებულია სულ რამდენიმე ათასი პატიმარი. ანუ სამივე ქვეყანაში ერთად, ჯამურად, შეწყალებულია იმაზე ნაკლები პატიმარი, ვიდრე მარგველაშვილი იწყალებს ერთი წლის განმავლობაში. 2015 წელს მან 1004 პატიმარი შეიწყალა, ხოლო მიმდინარე წლის 27 დეკემბერს 188.

ახლა მივუბრუნდეთ ცეზარე ბეკარიეს ფორმულას და შეწყალების ინსტიტუტის კონტრპროდუქტიულობის თაობაზე და გავაერთიანოთ ეს ფორმულა მარგველაშვილის ქველმოქმედებასთან. ფაქტია, რომ საქართველოში არის ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც ყოველგვარი სუბიექტივიზმის მიღმა სტატისტიკაში აისახება. სულ 9 300 პატიმარი გვყავს და გამოდის, რომ ისედაც ლიბერალურ გარემოში, მარგველაშვილი დაახლოებით პატიმართა 10%-ს იწყალებს ყოველწლიურად. შეუძლებელია, პრეზიდენტის ასეთმა დესტრუქციულმა ხელგაშლილობამ უარყოფითი ასახვა არ პოვოს კრიმინალის ზრდაზე, მოქალაქეთა მართლშეგნების ფორმირებაზე და შესაბამისად, მართლწესრიგზე.

მაგრამ რა ვქნათ, რომ კანონმდებლობით ამას ვერ ვბოჭავ და მიუხედავდ იმისა, რომ პრეცედენტი უკვე გვაქვს, სასჯელის გარდაუვალობისაც ვირწმუნეთ და დავინახეთ, რომ პრეზიდენტის დაჭერაც კი შესაძლებელი ყოფილა, თუ ის დანაშაულს ჩადის, ამ ეტაპზე მხოლოდ იმით შეიძლება შემოვიფარგლოთ, რომ მარგველაშვილის ქმედებებს მართლმსაჯულებისა და მართლწესრიგის საბოტაჟის კვალიფიკაცია მივცეთ, სხვა რა უნდა დავარქვათ მკვლელების, სადისტების, ყაჩაღებისა და ნარკოკონტრაბანდისტების ჩვენს ქუჩებში მასობრივ გამოყრას, რომელთა მსჯავრდება ესოდენ ძნელია არაპოლიციური რეჟიმის, ანუ დემოკრატიის პირობებში.

შეწყალების უფლების დელეგირების დროს, პრეზიდენტისთვის არავის გადაუცია უფლება, იყოს ზერელე, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ დააყენოს იმავე ხალხის უსაფრთხოება, ვისი სახელითაც გვედიდგულებიან ეკრანებიდან მისი ადმინისტრაციის მწიგნობარი სეფექალები.

ფუხიმორისთან არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ლიოსა ლონდონში გადასახლდა და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული მეხსიერების დაკარგვის ტრაგედიის აღწერას შეუდგა. ჩვენი ეროვნული მეხსიერების დაკარგულობა, რომ არა, დღეს ქუჩაში უნდა ვიდგეთ და პრეზიდენტის გადადგომას უნდა ვითხოვდეთ, თორემ ხვალ გაუნათლებელმა ქველმოქმედმა შეიძლება გირგვლიანის მკვლელების შემწყალებლებიც კი შეიწყალოს. რა, ჭკუა დაუშლის თუ ?..“, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები