იტალიაში ქართული კულტურის დღეები იმართება

 11-დან 18 აპრილამდე, მარკეს რეგიონის ქ. პეზაროში, ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორები იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემია და პეზაროს მერია არიან.
როგორც „კვირას“ იტალიის საელჩოდან აცნობეს, ქართული კულტურის დღეები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება.
ქართული კულტურის დღეები რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს.  11 აპრილს კულტურის კვირეული ქართველი მხატვრების სოფო
ბერძენიშვილის, ლიკა რუსაძისა და მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრებით გაიხსნა. 12-14 აპრილს ფრანკო კორელის აუდიტორიუმში გაიმართება ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელსაც „თუშური ბრენდი” წარმოადგენდა.
15 აპრილს პეზაროს ექსპერიმენტულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები”, რომლის დაწყებამდე გაიმართება მცირე კონფერენცია საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ.
კულტურის დღეები, 18 აპრილს, როსინის სახელობის საოპერო თეატრში, გალაკონცერტით „ვივა როსინი” დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსკვლავები – სოპრანო ნინო ლეჟავა, მეცო სოპრანო ნინო სრუგულაძე, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გევლესიანი. მათ აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს.
კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, დაგეგმილია, ელჩის კახა სიხარულიძის ოფიციალური შეხვედრები ქალაქის მთავრობასა და სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები