თბილისში პირველი „ვირტუალური მუზეუმი“ გაიხსნება
თბილისში, ზაფხულის ბოლომდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს „ვირტუალური მუზეუმი“ გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კულტურული სტატუსის მქონე ძეგლებზე ტურისტების ნაკადის გაზრდის მიზნით, თაბუკაშვილის ქუჩაზე ვირტუალური სივრცე შეიქმნება, სადაც მულტიმედიური სათვალით ძეგლებისა და მათი რეაბილიტაციის პროცესების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.
„თბილისში მულტიმედიურ სივრცეს ვაკეთებთ, სადაც რამდენიმე ძეგლის ვირტუალურად ნახვის შესაძლებლობა გაჩნდება. ვირტუალური მუზეუმი გათვლილი იქნება როგორც ტურისტებზე, ასევე ადგილობრივ დამთვალიერებლებზე, რომლებიც ადგილზე სპეციალური მულტიმედიური სათვალის საშუალებით კულტურული ძეგლებისა და მათზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს დაათვალიერებენ. მუზეუმი ზაფხულის ბოლომდე გაიხსნება“, – აცხადებს ანთიძე.
წყარო: bpn.ge