ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმში გრიგოლ ჩირინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

12 აპრილს, 19:00 საათზე,  ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში, გრიგოლ ჩირინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა მხატვრის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიხსნება.
საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი გრიგოლ  ჩირინაშვილი  1918 წელს დაიბადა და 1999 წელს გარდაიცვალა.
სწავლობდა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში (1933-1937 წწ.), ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში (1939 წ.); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1943 წ.).
მისი პედაგოგები იყვნენ: დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, ვალია შერპილოვი.
ასწავლიდა ფერწერას სამხატვრო ტექნიკუმში და შემდგომ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე.
მოღვაწეობდა დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში, დაზგურ და წიგნის გრაფიკაში.
ძირითადი ნამუშევრებია: ალბომი „ამბავი შოთა რუსთაველისა“ (გრაფიკა); გურჯაანის შინმოუსვლელთა მემორიალი – მეუღლე ტატიანა კიკაბიძესთან და მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილთან ერთად; ფერწერული ნამუშევრების ციკლი „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“.
1987 წელს ტოკიოში (იაპონია) მიენიჭა ოქროს მედალი ფერწერულ ტილოს „გაიხსენე“.
მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, ქუთაისის, ზუგდიდის, სიღნაღის, მირზაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში; ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, იროდიონ ევდოშვილის, ეგნატე ნინოშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძისა და ფიროსმანის სახლმწიფო მუზეუმში; საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, გერმანიის, ინგლისის, აშშ-ს, იტალიის, კანადის, რუმინეთის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები