ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის, გედი ფოფხაძის მხრიდან. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. თუმცა არის რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც საჯარო განცხადებებისას შეცდომა დაუშვა, მათ შორისაა ნუკრი ქანთარია.
„საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები, გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის, ამაზე თავს დავდებ. არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა მარტივად გადასაჭრელი. მათ შორის არის ნუკრი ქანთარია, შესაბამისად, მასთანაც ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გედევან ფოფხაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.