ამირან სალუქვაძე: შეტევა ეკლესიაზე, რწმენის და ტრადიციების შეურაცხყოფა, რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ფსევდოდასავლური ღირებულებების აგიტატორების შესახებ საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ყოველ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს ახლავს ხოლმე ქილიკი, მისივე განმარტებით, ყველა ასეთი შეტევა ეკლესიაზე, რწმენის და ტრადიციების შეურაცხყოფა, რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.

“ეს ჩანაწერი ეხება დასავლური კურსის ფსევდომომხრეებს, მეორენაირად, ფსევდოდასავლური ღირებულებების აგიტატორებს. ყოველ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს ახლავს ხოლმე ქილიკი, არაერთი შეურაცხყოფა. ერთმა გუშინ ბრბო უწოდა მრევლს, მეორე, ახალგაბორდებული, აღდგომასა და ჯვარცმაზე ქილიკობს და ა.შ. ყველა ასეთი შეტევა ეკლესიაზე, რწმენის და ტრადიციების შეურაცხყოფა, პირდაპირ რუსული პროპაგანდის წისქვილზე უსხამს წყალს. თქვენი ასეთი შეტევების, ფსევდოდასავლური ღირებულებების თუ დასავლური ფსევდოღირებულებების თავზე მოხვევის გამო, იწყება უკურეაქცია და რუსეთის სასარგებლო პროპაგანდა: “დასავლეთი გვართმევს რწმენას”, “გვართმევენ საქართველოს” და ა.შ. თქვენ ხელს უწყობთ საქართველოში ანტიდასავლური კურსის მომხრეთა პოზიციების, უფრო გასაგებად, რუსული პროპაგანდის გაძლიერებას”,- წერს ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, ყოველივე ამით რუსული საქმე უფრო კეთდება, ვიდრე ევროპული. ანალიტიკოსის სუბიექტური შეფასებით, ასეთი პერმანენტული შეტევებით, ნოყიერი ნიადაგი იქმნება პრორუსული პროპაგანდისთვის და შესაბამისად, ებრძვიან დასავლეთთან დაახლოებას.

“ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, ევროპის სასარგებლოდ მუშაობთ თუ რუსეთის? შეგიძლიათ “წელნიაშკები” შემოიფხრიწოთ, მაგრამ საქმე რუსული უფრო კეთდება, ვიდრე ევროპული. თქვენ გგონიათ ჯიპებიანი მამაოების გამო დადიან ეკლესიაში? მღვდელმსახურნი თვითონაც ებრძვიან ეკლესიას ზედმეტი ფუფუნების სიყვარულით. მაგრამ ეს სულაც არაა თქვენი ან ჩემი საქმე. მრავალი წელია, ვწერ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზიზღის ენაზე. საზოგადოება, ხალხი შეიცვალა ფსევდორეფორმების, ფსევდოიდეოლოგიის, საინფორმაციო ტერორის შედეგად, რის გამოსწორებასაც ალბათ, დიდი პოლიტიკური ნება და ხანგრძლივი დრო დასჭირდება. არ მოგწონთ ეკლესია, სხვისი ტრადიციები? ვინ გახვევთ თავს, ვინ გექაჩებათ ტაძარში? თავი შეიკავეთ თქვენი “ბრძნული” აზრების გავრცელებისგან, მილიონობით ადამიანის მრწამსის, ადათ-წესების, ტრადიციების, ცხოვრების წესის შეურაცხყოფისგან. საკუთარი ცხოვრებით იცხოვრეთ, სხვის ცხოვრებაში ნუ მიძვრებით, საკუთარს თავზე ნურავის ახვევთ. გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს უზრდელობას და საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების გათელვას. ვიტოვებ საკუთარი შეფასების უფლებას, რომ ასეთი პერმანენტული შეტევებით, ნოყიერ ნიადაგს ქმნით პრორუსული პროპაგანდისთვის, შესაბამისად, ებრძვით დასავლეთთან დაახლოებას”,- წერს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

უფრო ვრცლად აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ტელეკომპანია ობიექტივი ეთერში ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები