ელგუჯა ხოკრიშვილმა ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

     საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო. უწყების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული ჩინური სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო“ გზის საფარს 19 კილომეტრის მანძილზე აგებს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 600 პირი, რომელთაგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია.
„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ სამუშაოების წარმოებისა და სამშენებლო კომპანიის მიერ გამოყენებული მასალის ხარისხს, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა, – უნდა აღინიშნოს, რომ ამ ობიექტზე დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი საკმაოდ მაღალია. ადგილობრივ შრომით ბაზარზე სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის გაფორმების დროსაც გავითვალისწინეთ. დღეის მდგომარეობით, ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა 70% საქართველოს მოქალაქეა“,- განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი; ასევე, შენდება 16 ხიდი, 7 გზაგამტარი, 2 გვირაბი და 64 წყალგამტარი მილი. ამავე მონაკვეთზე, 2013 წელს, უკვე განხორციელდა მიწის ვაკისის მოწყობის, გზაგამტარებისა და ხიდებზე რკინა-ბეტონის ბურჯების სამშენებლო სამუშაოები. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები