„გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით, რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდნენ“

ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს.
„საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამჟამად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნების ფაქტები არ დაფიქსირებულა. სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებას და მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად. საანგარიშო პერიოდში აქტიური ღონისძიებები გატარდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსების ფაქტების დასადგენად. დაფიქსირდა ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები