ევროსაბჭოს ექსპერტები: პენიტენციალური ჯანდაცვის სფეროში სახეზეა შთამბეჭდავი პროგრესი

სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის სფერო, განსაკუთრებით 2012 და წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს ექსპერტების შეაფასების ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, პენიტენციალური ჯანდაცვის სფეროში სახეზეა შთამბეჭდავი პროგრესი: გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი; მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა რაოდენობა; მოხდა სამედიცინო დეპარტამენტის სრული რეორგანიზაცია ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული, თანამედროვე, დინამიური მართვის მოდელების გათვალისწინებით; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა; გაიხსნა ახალი სამედიცინო ცენტრი; ინტენსიური სახე მიიღო თანამშრომლობამ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებთან; წარმატებით დაინერგა ელექტრონული პროგრამა, რომელიც პაციენტების რიგს და რეფერალს არეგულირებს და უზრუნველყოფს მთლიანი პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას, ობიექტურად, სამედიცინო მიზანშეწონილობის საფუძველზე; გაუმჯობესდა სამედიცინო მონაცემების გაცვლის პროცესი; დაიხვეწა კვების სტანდარტი და გაუმჯობესდა კვების ხარისხი. სანიტარული პირობები და აღჭურვილობა სამზარეულოში/კვებისბლოკებში და სასადილო ოთახებში უპირატესად აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს; მნიშვნელოვნად გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, რამაც ხელი შეუწყო კონკურენტული გარემოს შექმნას; სამედიცინო პერსონალის რაოდენობრივი თანაფარდობა პატიმრებთან მიუახლოვდა დასავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს; დაიწყო სამედიცინო პერსონალის გადამზადება; მუდმივად თანამშრომლობენ სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროები, რათა უზრუნველყოფილი იქნას პენიტენციური და სამოქალაქო სექტორის ჯანდაცვის სტანდარტების დაახლოება – წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებია: „ვერტიკალური“ სამედიცინო პროგრამების განხორციელება (ტუბერკულოზი, აივ–ინფექცია/შიდსი); C ჰეპატიტის პროგრამის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი; სამედიცინო მონაცემთა დამუშავების უნიფიკაცია; ერთობლივი კომისია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმართა გათავისუფლების საკითხებს განიხილავს; სამუშაო ჯგუფი ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით და სხვა.
ექსპერტთა აზრით, ყველა ზემოხსენებულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის პრაქტიკის აშკარა გაუმჯობესებას ევროპის საბჭოსა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სტანდარტების შესაბამისად, პირველადი და მეორეული ჯანდაცვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სომატური და ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრების ექიმ-სპეციალისტებთან რეფერირების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, პატიმართა სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებას. გარდა ამისა, დაინერგა და/ან გაძლიერდა და უფრო ინტენსიურად ხორციელდება ვერტიკალური სამედიცინო პროგრამები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორიცაა: C ჰეპატიტის პროგრამა, ტუბერკულოზის პროგრამა, სუიციდის პრევენციის პროგრამა, მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამა, აივ ინფექციის პროგრამა და სხვა. ანგარიშში ასევე მოცემულია შენიშვნები და რეკომენდაციები შესაძლო სამომავლო ნაბიჯებსა და ქმედებებთან დაკავშირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, სანიტარული და ჰიგიენური პირობების მართვა და კონტროლი, სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა, გაიდლაინები და პროტოკოლები, უსაფრთხოების სტანდარტები, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, ზიანის შემცირების პროგრამები და სხვა.
ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება გაკეთდა. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა რეფორმის განხორციელების შუალედურ ეტაპზე და შეიმუშავეს ანგარიში, რომელშიც მიღწეული პროგრესი განხილულია რეფორმის ამოცანებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები