მთავარ პროკურატურაში დანაშაულის პრევენციის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დანაშაულის პრევენციის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა პიმ ალბერსმა გახსნეს.

როგორც შეხვედრაზე გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, საქართველოს პროკურატურას დანაშაულის პრევენციის კუთხით ერთ-ერთი აქტიური როლი აკისრია. დანაშაულის პრევენცია პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიაშიც პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უწყების მხრიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მრავალფეროვანი და საინტერესო პრევენციული ღონისძიებები. უწყებაში ასევე იგეგმება  პრევენციული ღონისძიებების პროგრამისა და მათი ეფექტიანობის შეფასების სისტემის შექმნა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული კუთხით მუშაობა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენისა და ოჯახური დანაშაულის მიმართულებით.

ღონისძიებაზე გიორგი გაბიტაშვილმა დანაშაულის პრევენციის კუთხით უწყებებს შორის თანამშრომლობის,  გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი  ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის,  ევროკავშირის, ევროპის საბჭოს,  ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურის მიერ დანაშაულის პრევენციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ და „ადგილობრივი საბჭოს“ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. დანაშაულის პრევენციის თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების დასასრულს დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გასატარებელ სხვადასხვა ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე  დისკუსია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები