სოფო კილაძე: სოციალური მუშაკის რეფორმა ნიშნავს მეტ რეალიზებულ და ნაკლებ გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში

ადამიანის უფლებათა  დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით,  პარლამენტში დაწყებულია მუშაობა სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე.  დღეს კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტის სამუშაო ვერსიის დეტალებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მოწვეულმა სტუმრებმა, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, პროფესიული თემის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, ეს არის  დიდი და მრავლისმომცველი რეფორმა, რომელიც  მიმართულია იქითკენ, რომ  საზოგადოებაში უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს რეალიზების საშუალება და სახელმწიფო გვერდით დაუდგეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და დახმარება.  მისი მოსაზრებით,  სოციალური მუშაკის რეფორმა ნიშნავს მეტ რეალიზებულ და ნაკლებ გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში.

„თუმცა ეს, რა თქმა უნდა, 1 თვეში ან 1 წელიწადში ვერ მოხდება. დაახლოებით 7 წლის განმავლობაში პერმანენტულად უნდა მოხდეს ამ რეფორმის განხორციელება. პირველ რიგში, უნდა მივიღოთ კანონი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მცირე ხანში შევიტანთ პარლამენტში ამ პროექტს  განსახილველად.  შემდეგ უკვე უნდა მოხდეს ეტაპობრივად, წლების მიხედვით, მისი იმპლემენტაცია. წინასწარი გაანგარიშებით, 2025 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს ძალიან მყარი გარანტიები სოციალური მუშაკებისთვის და, პირველ რიგში,  ბენეფიციარებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები