ანდრია გვიდიანი: ონლაინ სათამაშო ბიზნესში კორუფციული ეჭვები ჩნდება
„ონლაინ სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების მიმართულებით, დღემდე არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა ანდრია გვიდიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ბიზნესის გაუკონტროლებლობა არაერთ რისკს აჩენს.
„დღემდე არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული ონლაინ სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების მიმართულებით, აქედან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი აქტიურად ახდენს გავლენას როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ამ მიმართულებით კორუფციული ეჭვები ჩნდება. ყოველწლიურად აქტიურდება ხოლმე სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების თემა, თუმცა მალევე იჩქმალება. სათამაშო ბიზნესის ისეთი ფორმით არსებობა, როგორითაც ის დღეს არის, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რისკს შეიცავს. ვფიქრობ, უნდა გავიზიაროთ ყველაზე კარგი საერთაშორისო გამოცდილება ონლაინ სათამაშო ბიზნესის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ძირითადი იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც ხელისუფლებას, თუ ნებისმიერ ფოკუს ჯგუფს ექნება. სათამაშო ბიზნესი, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, არის პრობლემური საკითხი. მხოლოდ 2016 წლის მონაცემებით, 4 მილიარდ ლარზე მეტი ბრუნვა ჰქონდა სათამაშო ბიზნესს, რაც ცხადია, პირდაპირ აკლდება რეალურ ეკონომიკას”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.