პარტნიორმა ასოციაციებმა, ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით, ოჯახების გაძლიერებისთვის განხორციელებული პროექტის შედეგები წარადგინეს

პარტნიორმა ასოციაციებმა – „ჩვენი სახლი-საქართველო“ და „სოციალური ქოლგა“ საქართველოს რეგიონში განხორციელებული აქტივობების შედეგები წარადგინეს. მათი ინფორმაციით, ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით, საქართველოს 6 რეგიონში შერჩეულ მოწყვლად ოჯახებთან პროფესიონალმა სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა 9 თვის განმავლობაში იმუშავეს.
შედეგთა ჩამონათვალშია: დასაქმება, ბავშვის რეინტეგრაცია, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა, პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შშმ პირებზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება, ბავშვების ჩართვა სკოლამდელ და სასკოლო განათლების პროცესში, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირება და სხვა.
„შეიქმნა მიმღები მშობლების მომზადების ტრენინგპროგრამა, აგრეთვე, მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადას შტატის, უოშოს ოლქის სოციალური მომსახურების, მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის დეპარტამენტის ტრავმაზე ფოკუსირებული ტრენინგპროგრამის გაზიარება, რის საფუძველზეც ქვემო ქართლის რეგიონის 25 მიმღები მშობელი გადამზადდა. ჩატარდა საჯარო სკოლების მოზარდებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა ცნობიერების ასამაღლებელი დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული, წარმატებული ახალგაზრდები/თანასწორგანმანათლებლები. ისინი შეხვდნენ 500 მოზარდს (14 საჯარო სკოლა და 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლი), საქართველოს 5 ქალაქში და 4 სოფელში.
დისკუსია ეხებოდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, წარმატების მიღწევის გზებს და სტიგმის დაძლევას.
პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ და განხორციელდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით“, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები