იან კელი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს

„როდესაც ვსაუბრობთ რაიმე დაპირებაზე, აუცილებელია, არსებობდეს ნდობა.
სამწუხაროდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდსა და კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც.
ამასთან, იან კელი განმარტავს, რომ ისეთი ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, არ უწყობს ხელს ნდობის განმტკიცებას.
„ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე დაპირებაზე, აუცილებელია არსებობდეს ნდობა. სამწუხაროდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს. ის, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, რომ კვირების განმავლობაში არ დაუბრუნეს ცხედარი ოჯახს, ნამდვილად ეს იყო საშინელი ფაქტი და ასეთი ქმედება არ უწყობს ხელს ნდობის განმტკიცებას, ნდობის არსებობას და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იქნება პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებზე, თუმცა ასეთი საშინელი ქმედებები კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა იან კელიმ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმება მიიღწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები