პოლიცია ნიანგის თავდასხმის შედეგად გაუჩინარებულ მოზარდს ეძებს
ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში, კაკადუს ეროვნულ პარკში ტრაგედია მოხდა – პოლიცია 12 წლის ბიჭს ეძებს, რომელიც ნიანგის თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა. მოზარდების ჯგუფი ტბაში ბანაობდა, როდესაც ერთ-ერთს მოულოდნელად ნიანგი დაესხა თავს. ბიჭმა თავის დაღწევა შეძლო, თუმცა ამ დროს რეფტილიამ მეორე მოზარდი წყალში ჩაითრია. სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამთენიისას სამართალდამცველებმა წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დიდი ნიანგი აღმოაჩინეს. პოლიციამ რეფტილიები დახოცა. ერთ-ერთი დაშავებული მოზარდისათვის ხელზე მიყენებული ჭრილობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ნიანგი, რომელიც ბავშვებს დაესხა თავს, დაახლოებით ორი მეტრის სიგრძისაა. ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტბაში ბანაობა აკრძალა.