გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან, პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან, კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში “აშშ-საქართველოს პარტნიორობა”, რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება. პრეზიდენტი, ასევე, საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდში Heritage.
ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, მიღება გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები