თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს

თამბაქოს ინდუსტრია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ბლოკირებას სისტემატურად ცდილობს,- ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ – ამერიკული თამბაქოს კომპანია და ფილიპ მორისი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციასა  და საქართველოს პარლამენტში არაოფიციალური შეხვედრების დროს  კანონის ერთ-ერთი მუხლის შეცვლას ცდილობენ.  კერძოდ, ლაპარაკია მუხლზე, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე პიქტოგრამების (თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ამსახველი ფოტოების) დატანის ვალდებულებას გულისხმობს.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ცდილობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანის ან მოსყიდვის შედეგად მიაღწიონ ხელახალ საკანონმდებლო ცვლილებას და 2018 წლის პირველი სექტემბრისთვის არ ამოქმედდეს პიქტოგრამების ვალდებულება.

მთავრობის და პარლამენტის წევრებთან არაოფიციალური შეხვედრისას თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურმე ვერ ასწრებენ შესაბამის სტამბებში პიქტოგრამების დამზადებას. თურმე სტამბებში ძალიან დიდი რიგია?!

მსგავს მოთხოვნას, თუ თხოვნას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან:

 1) კომპანიებს საკმაო დრო ჰქონდათ, თადარიგი დაეჭირათ და დროულად მოეგვარებინათ პიქტოგრამების საკითხი. ჯერ კიდევ 2017 წლის 17 მაისიდან იცოდნენ ამ ვალდებულების შესახებ, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში კი, უკვე დამტკიცებული 9 პიქტოგრამის ბეჭდვის ორგანიზებაზე ზრუნვა შეეძლოთ.

2) საქართველოში თამბაქოს იმპორტი დიდი ნაწილი შემოდის უკრაინიდან, რომელიც 20 ქვეყნის დაკვეთით ბეჭდავს და აწვდის პიქტოგრამებიან და სადა შეფუთვიან თამბაქოს კოლოფებს, შესაბამისად წარმოუდგენელია საქართველოს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილონ.

3) მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს შვიდი სტამბა, რომელიც პიქტოგრამებიან კოლოფებს ბეჭდავს, ევროპის ტერიტორიაზე კი ასეთები ათეულობით არის.

4) სლოვენიამ პიქტოგრამების საკითხი 2 თვეში მოაგვარა, საქართველოზე მოსახლეობის რაოდენობით მრავალმხრივ აღმატებულმა კანადამ კი 6 თვეში.

5) არასერიოზულია, როდესაც სტამბის მხრიდან პრობლემებზე ლააპრაკობენ თამბაქოს მწარმოებელი მსოფლიოს მონსტრი კომპანიები, რომელთაც ყველაფერი კარგად გათვლილ სისტემაში აქვთ მოქცეული და უზარმაზარი ფულადი რესუსრსების პირობებში შეუძლებელია მათთვის პრობლემას წარმოადგენდეს პიქტოგრამების ბეჭდვა. შესაბამისად, დღეს მათ მიერ აღნიშნული მიზეზით  გადავადებაზე ლაპარაკი არის კანონის ბლოკირების კიდევ ერთი მცდელობა, რასაც არ დავუშვებთ.

ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა არ წამოეგება თამბაქოს ინდუსტრიის  მიერ დადგმულ ობსტრუქციას და ისევე, როგორც 2017 წლის აგვისტოში, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში არ განახორციელებენ კიდევ ერთ სამარცხვინო და საზოგადოების სიჯანსაღისთვის ხელის შემშლელ ცვლილებას, არ დაუშვებენ, რომ სადა შეფუთვის მსგავსად პიქტოგრამებით შეფუთვაც გადავადდეს.

როდესაც სადა შეფუთვის საკითხი 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა, განვაცხადეთ, რომ ეს იყო თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა კიდევ მეტი, მისთვის სასურველი ცვლილებისთვის მიეღწია. პიქტოგრამების კოლოფზე დატანის ვალდებულება არ არის ბოლო მუხლი, რომლის შეცვლასაც თამბაქოს ინდუსტრია მოითხოვს. იმედი გვაქვს, პარლამენტი ბოლომდე დაიცავს მის მიერ მიღებულ კანონს და კანონის მოთხოვნების შესარულებაზე განახორციელებს სრულ ზედამხედველობას“,- ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები