“კრაზანასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული შემაშფოთებელი ინფორმაცია, სიცრუეა”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, იაპონური კრაზანას შემოყვანის საკითხი განხილვის საგანია და ამას სჭირდება ღრმა შესწავლა.
შესაბამისი განცხადება დავითაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების 2018 წლის პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას კვალიფიციური სამუშაოები უძღვის წინ.
„კრაზანას შემოყვანის საკითხი არის განხილვის საგანი და ამას სჭირდება ღრმა შესწავლა. ჩვენი სტრატეგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩატარება, თუმცა საქართველოს ამ კუთხით პოტენციალი შესაქმნელი აქვს. ამ კუთხით გასავითარებელი გვაქვს იგივე ლაბორატორიული შესაძლებლობები. ამაზე სახელმწიფო ფულს ხარჯავს და ჩვენი მეცნიერები ინტენსიურად არიან ჩართული. მათ ჰქონდათ წინა კვირას კონფერენცია და შეაჯამეს შვეიცარიაში ვიზიტი, სადაც ხდება აზიური ფაროსანას და სხვა მწერების ბუნებრივი კონტროლის საშუალებები. 2018 წლის განმავლობაში ამ საკითხს შევისწავლით, მაგრამ ეს არ არის მყისიერი პასუხი გამოწვევაზე, ეს არის მოკლევადიანი გადაწყვეტა პრობლემის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთ–ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მედიაში გავრცელდა იაპონურ კრაზანასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ფოტოები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„იაპონურმა კრაზანამ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მედიაში გავრცელდა შემაშფოთებელი ფოტოები, რომ თურმე ადამიანებს, ან სასარგებლო მწერებს შეიძლება ერჩოდეს ეს კრაზანა. დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ ის არის მხოლოდ ერთ მილიმეტრიანი პარაზიტი, თვალით ის რთულად დასანახია და სხვა სასარგებლო მწერების მიმართ არ იჩენს დიდ მავნებლობას, თუმცა ეს მარტივი არ არის და ერთი ხელის მოსმით ვერ შემოიყვან. მას უნდა შეექმნას გამრავლებისთვის სასარგებლო პირობები და იმდენად უნდა გამრავლდეს, რომ მოერიოს პოპულაციას. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს მაინც არ იქნება ერთადერთი მეთოდი პარაზიტთან საბრძოლველად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები