ნანა ჯორჯაძე 35 სერიან დოკუმენტურ ფილმის გადაღებას იწყებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. ფილმის ავტორი და წამყვანია ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი.
როგორც “კვირას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ფილმი გახდება ქართული ღვინის საპრეზენტაციო მასალა, ერთგვარი სავიზიტო ბარათი, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მაყურებლისთვის.
სააგენტოს ინფორმაციით, მასში მოთხრობილი იქნება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე. ფილმის სერიები მიეძღვენება ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიას, ღვინის დაყენებას და მის ნაირსახეობებს, ღვინის დეგუსტაციის წესებს, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, სხვა ღვინო-პროდუქტებს (ჭაჭა, ბრენდი, ცქრიალა ღვინო), მარნებს, მეღვინეებს და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს. სპეციალური სერია დაეთმობა ქართულ გასტრონომიას, უნიკალურ კერძებსა და მათ შეხამებას ღვინოებთან.
ფილმის სცენარისტია თამარ ბართაია. კონსულტანტები არიან გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსები და ღვინის სპეციალისტები. ფილმის შექმნაში აქტიური წვლილი შეაქვს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე ასოციაცია “ქართული ღვინო”, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხვალ, 13.30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი, ასოციაცია “ქართული ღვინის” აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და სცენარისტი თამარ ბართაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები