დონალდ ტუსკი: არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება კონფლიქტის სამწუხარო შეხსენებაა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, იმ სამწუხარო შედეგის შეხსენებაა, რაც კონფლიქტს მოსდევს.

შესაბამისი განცხადება დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს იმ რეფორმებში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, კონფლიქტის სამწუხარო შეხსენებაა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. დე ფაქტო რეჟიმს ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები