თამარ ჩუგოშვილი: არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამოყენება გვემუქრება

„ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველ რიგში, მიგვეღო უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან და ახლა გააკეთებს ყველაფერს, რათა შეინარჩუნოს ეს მიღწევა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ამოქმედების შესახებ საუბრისას განაცხადა. თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, ამ დროისთვის ეს საფრთხე ქვეყანას არ ემუქრება.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ ეს მონაპოვარი.

“მე არ ვფიქრობ, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება გვემუქრება, მაგრამ მოქალაქეებიც თუ დაგვეხმარებიან და ბოროტად არ გამოიყენებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, ძალიან უხეშად და ცუდი ფორმით, მათ შორის კრიმინალის ჩადენის გზით არ დაარღვევენ ევროპულ ქვეყნებთან შეთანხმებას, ეს ძალიან შეგვიწყობს ხელს.

ხელისუფლება სხვადასხვა ზომას მიმართავს, რომ ასეთი დარღვევები აღიკვეთოს, შემცირდეს და ნაკლები პრობლემები შეექმნათ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი განსახილველი თემები უსაფრთხოება და მიგრაციაა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას დე მაზიერმა განაცხადა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შემაშფოთებელია. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ამის შესახებ ინფორმირებულია და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები